top of page

“ლამაზი მეგობარი”: ჩინეთი, როგორც დასავლეთის ალტერნატივა საქართველოში

უკრაინის ომის ფონზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება და მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის ელემენტები თვალსაჩინო გახდა. ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირდა ჩინეთის მზარდი როლის და მისი როგორც მეგობრის წარმოჩინების ნარატივი დასავლელი მოკავშირეების როლის დაკნინების პარალელურად.

ჩინეთი ქართველი პოლიტიკური ლიდერებისა და მედიის ნარატივში: პრაგმატული მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა თუ ერთდროულად ორ სკამზე ჯდომა?

31 ივლისს საქართველოსა და ჩინეთს შორის „სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“ გაფორმდა, რომელსაც ხელისუფლების წევრები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ მიღწევად აფასებენ. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ: „საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას“. ჩვენთან ინტერვიუში, ირაკლი სირბილაძის განმარტებით, ამ ხელშეკრულებამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს ახალი განზომილება შესძინა: “2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები გასცდა აქამდე არსებულ, მეტწილად სავაჭრო-ეკონომიკურ განზომილებას და შეიძინა ახალი, შიდა პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური ხასიათი. თუ აქამდე საქართველოს სახელმწიფო დოკუმენტებში ჩინეთი მხოლოდ ეკონომიკურ პარტნიორად მოიაზრებოდა, ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციით საქართველო გამოხატავს სურვილს ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობებიც გააღრმავოს და გააძლიეროს კოორდინაცია საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებზე.”

რა არის პრობლემური პარტნიორობის ხელშეკრულებაში? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს მისი ასიმეტრიულობა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ნაწილში. მაშინ, როდესაც თბილისი მხარს უჭერს “ერთი ჩინეთის” პოლიტიკას, პეკინს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, ტრადიციულად, მკაფიო პოზიცია არ გააჩნია. გაეროს რეზოლუციებზე კენჭისყრის დროს პეკინი რუსეთის წინააღმდეგ წასვლას მუდმივად თავს არიდებს. ამასთან დაკავშირებით, ხშირად ჟღერდება მოსაზრება, რომ რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის გამო, ჩინეთი საქართველოს რუსეთის პრიზმაში უყურებს. ამ მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებში ჩინეთს სანდო პარტნიორად კვლავ ვერ მივიჩნევთ. ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებში იკითხება, რომ ისინი ჩინეთს დასავლეთის ალტერნატივად სახავენ. ეს ეხმიანება მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის მოტივებს. 

„გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სის ინიციატივებს და მე გეტყვით რატომ. ეს ინიციატივები არის მშვიდობისთვის, პროგრესისთვის, კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავია. ეს არის ის, რაც დღეს მსოფლიოს სჭირდება. დღეს მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ყველა ერისთვის, მთელი პლანეტისთვის“ - ირაკლი ღარიბაშვილი
 

ირაკლი ღარიბაშვილი 23_edited.png

“მშვიდობა, სტაბილურობა ჩინეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის ამ რეგიონში, სადაც საქართველო არის საკვანძო ქვეყანა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით " -  გია ვოლსკი

volski7_edited.png

“ამერიკის მარწუხებისგან გათავისუფლების პროცესი დაიწყო: ამერიკის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია და ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობას გვიკრძალავენ”-  ჯონდი ბაღათურია - სეზონი TV

bagaturia_w_h_edited.png

“მაკრონის უკან ამერიკისგან დასუსტებული ევროპა დგას, სი ძინპინის უკან კი - ამერიკისგან რეალურად გაძლიერებული და არა დამარცხებული რუსეთი. და ეს ყველაფერი ბაიდენის უსუსტესი პოლიტიკის შედეგია, რომელიც ასრულებს ამერიკის ჰეგემონიას მსოფლიოში და გზა ახალ ლიდერ სახელმწიფოს უხსნის"- თამარ ჩიბურდანიძე - ობიექტივი

chiburdanidze_tamar_edited.png
დასავლეთი - საქართველო - ჩინეთი 

ბოლო პერიოდში საქართველომ სულ უფრო ცხადად დაიწყო მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკის მშენებლობა. ეს უკანასკნელი მოიცავს საქართველოს კონსტიტუციით განცხადებული ევროპული და ევროატლანტიკური ვექტორის ალტერნატივის ძიებას, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ჩინეთს განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალის ქუჩებში იშვიათად თუ დავინახავთ ჩინეთის სიმბოლიკას, როდესაც ევროკავშირის დროშები თვალშისაცემია, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, მცირედი გადახვევაც დასახული პოლიტიკური გზიდან საკმაოდ მკაფიოდ შეიძლება იქნას აღქმული. საფრანგეთში ჩინეთის ელჩის მიერ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამართლებრივი საფუძვლის ეჭვქვეშ დაყენება საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში ვერ მოხვდა და დუმილი ამჯობინა, მაშინ, როდესაც ჩინეთი რუსეთის აგრესიის დაგმობის საკითხში დუმს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ევროკავშირში ჩინეთის ინვესტიციების ადრესატებმა, უნგრეთმა და საბერძნეთმა უკვე გაიარეს ეს გზა. ევროკავშირის გაფრთხილების მიუხედავად, წევრმა ქვეყნებმა პეკინის მიერ დარღვეული დაპირებები საკუთარ თავზე გამოსცადეს. თუმცა, ამ ქვეყნების შემთხვევაში, სასწორზე ევროკავშირის წევრობა არ იდო. საქართველოს კი ეს ნაბიჯები ძვირად შეიძლება დაუჯდეს. ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს შესაძლოა ხელი შეუშალოს. ამის მიზეზებს ირაკლი სირბილაძე რუსეთთან მოკავშერობასთან მიმართებით ხსნის: "ჩინეთი და რუსეთი უმაღლესი დონის პარტნიორობას ინარჩუნებენ ყველა მნიშვნელოვან დარგში და იზიარებენ საერთო მიზანს: შეასუსტონ დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაში. ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, ასევე ეწინააღდეგება ნატოს გაფართოებას და ე.წ. ბლოკურ მენტალიტეტს. ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ მიზანთან გახდეს ნატოს წევრი."

მიმდინარე მოვლენები გამოხატულია მედიის ნარატივშიც. სახელისუფლებო მედია საშუალებები, ასევე რუსეთთან აფილირებული მედიები აქტიურად აშუქებენ ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებს და მუშაობენ მისი რეპუტაციის გამოკვეთაზე საქართველოში. ამის ერთ-ერთი მეთოდი დასავლეთის დაკნინების ფონზე ჩინეთის მშვიდობისმოყვარობის წარმოჩენაა. იმედის ეთერში კი ხშირად შუქდება ჩინეთის დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ფაქტები, რაც ასევე საინტერესოდ წარმოაჩენს ჩინეთის რეპუტაციას. ობიექტივი კი ხშირად აშუქებს პოლიტიკოსებს, რომლებიც არ ერიდებიან დასავლეთის კრიტიკას და ჩინეთის საქართველოს მომავალთან დაკავშირებას. 

logo-fb_edited.png

“მსოფლიოს ორ სუპერძალას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება. ეს არის ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის ოთხსაათიანი შეხვედრის შედეგი. ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის სამხედრო დონეზე კონტაქტების აღდგენასა და ღია საკომუნიკაციო ხაზების გახსნაზე შეთახმდნენ. ჩინეთის ლიდერმა შეერთებულ შტატებთან მეგობრობისა და პარტნიორობის სურვილიც გამოთქვა. მართალია მხარეებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს, თუმცა სამიტის დასასრულს, ჯო ბაიდენმა სი ძინპინი კვლავ დიქტატორად მოიხსენია” - იმედი

1664870279-პოსტივი.jpg

„ის [ჩინეთი] არ მოითხოვს არავისგან იდეოლოგიის და პოლიტიკური სისტემის შეცვლას. მას მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები ადარდებს. ამიტომ, ის უფრო მოქნილია, რადგან იმ რეჟიმში არაა, როგორც დასავლეთი, რომელიც სხვადასხვა ერს თავს ახვევს სხვადასხვა ღირებულებას, იქნება ეს ლიბერალური ღირებულებები, პოლიტიკური სისტემა და ა.შ. ამიტომ, მთელი რიგი სახელმწიფოებისთვის ჩინეთი შეერთებულ შტატებზე უკეთესი პარტნიორი ჩანს“ - პოსტივი

ობიექტივი.jpg

“მრავალპოლუსიანი მსოფლიოს პოლიტიკური დატვირთვის ცენტრი ევროპიდან სამხრეთ აღმოსავლეთით გადმოინაცვლებს და სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ეს ეპიცენტრი საქართველო აღმოჩნდეს, რომელიც ისედაც არის გეოპოლიტიკური კარიბჭე. მრავალპოლუსიან სამყაროს პოლიტიკური დატვირთვის და ამასთანავე, ბალანსის ცენტრი სჭირდება. თუ გონივრულად მივყვებით მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე შეძლებს მშვიდობის შენარჩუნებას, ეს ალბათობა რეალური გახდება. აქედან გამომდინარე, დასავლეთის ინტერესები კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში და პარალელურად გაიზრდება ზეწოლაც მათი მხრიდან ერთპიროვნულ მმართველობაზე” - თამარ ჩიბურდანიძე, ობიექტივი

ჩინეთი: ეკონომიკური მოკავშირე თუ ხაფანგი?

ჩინეთი ბოლო რამდენიმე ათწლეულში “ეკონომიკური სასწაულის” მეშვეობით განვითარებადი ქვეყნის სტატუსიდან საერთაშორისო არენაზე ერთპოლუსიანი სისტემის ჰეგემონის - აშშ-ის ჩელენჯერად იქცა. განვითარებად ქვეყნებს გავლენის სფეროს ზრდის ამბიციის მქონე “გაღვიძებული ლომი” შეერთებული შტატების ალტერნატივად მოევლინა. ჩინური ინვესტიციები განვითარებადი ქვეყნებისთვის საკმაოდ მიმზიდველია, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. იგი ასევე ხშირად ანაცვლებს მსოფლიო სავალუტო ფონდისგან სესხების მიღებას. თუმცა, ჩინური ინვესტიციები ასოცირდება “სესხის ხაფანგთან”. ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ პეკინს მანიპულირებისა და პოლიტიკური ბერკეტების/გავლენების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევა. ეს ნაცადი პრაქტიკა ბოლო პერიოდში მწვავედ გამოვლინდა შრი-ლანკაში, რომელმაც დავალიანების გამო, 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ჩამოწერის სანაცვლოდ ჰამბანტოტას პორტი 99-წლიანი იჯარით ჩინურ სახელმწიფო კომპანია China Merchants Group-ს გადასცა. 

2021 წელს საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა ევროკავშირისგან 75 მილიონ აშშ დოლარ დაბალპროცენტიან სესხზე, სანაცვლოდ კი აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) აიღო $115 მლნ-ის სესხი. Რატომ ვამჯობინებთ ევროკავშირისგან სესხს პეკინისგან ვალის აღებას? ჩინეთის სესხის პოლიტიკა ძირითად შემთხვევაში პოლიტიკური მოტივებითაა გაჯერებული და სამიზნე ქვეყნებისგან არ ითხოვს დემოკრატიულიი რეფორმების გატარებას სესხის სანაცვლოდ, რაც დასავლეთისთვის ჩვეული პრაქტიკაა. “საქართველოს მიერ ჩინეთთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა და სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ემთხვევა ისეთ საერთაშორისო პოლიტიკურ პერიოდს, როდესაც დასავლეთი (აშშ და ევროკავშირი) და ჩინეთი ერთმანეთთან გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და ნორმატიული მეტეოქეობის გამოკვეთილ ფაზაში იმყოფებიან. კოვიდ პანდემიისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ შეამცირონ ეკონომიკასა და სხვა სტრატეგიულ დარგებში ჩინეთზე დემოკიდებულება. ამის კარგი გამოხატულებაა ჩინეთთან მიმართებით დასავლეთის ქვეყნების ე.წ. de-risking - რისკების მინიმიზაციის პოლიტიკა … ჩინეთთან მზარდი პოლიტიკური ინტერაქცია საქართველოს და მის პოლიტიკურ კულტურას აახლოებს ავტორიტარული პოლიტიკური სივრცის პრაქტიკასთან” (ირაკლი სირბილაძე).

საქართველოს ხელისუფლების სასწორზე ჩინეთის სესხის ხაფანგი და დასავლეთის დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნაა. თუ რომელი გადაწონის, ფაქტი სახეზეა. 

4okzrdhm5mg7pzz_edited.png

“ანაკლიის პორტის განვითარება იქნება მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება. Ჩვენ უბრალოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც სხვა ყველა ქვეყანას ვურჩევთ,როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭიროა ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ და ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე” - რობინ დანიგანი

26853406_2056372471274469_549417715_o_ed

ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები:

აბრეშუმის გზის ისტორიული დანიშნულების რიტორიკის აღზევება

2017 წელს საქართველო ევრაზიის რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 2022 წლისთვის ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორია 736.8 მლნ აშშ დოლარით. ჩინეთი საქართველოში ასევე არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო - რიგით მე-6 ქვეყანა. 2022 წელს 108 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა.

“ერთი სარტყელი, ერთი გზის” (BRI) ინიციატივის სასიცოცხლო ნაწილია ჩინეთიდან რუსეთის გავლით ევროკავშირის ბაზარზე საქონლის გატანა. დღეს მარშრუტი მოიცავს 155 ქვეყანას და დაახლოებით 1 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომზეა გადართული, ბეიჯინგი სიტუაციას ხელსაყრელად იყენებს სამხრეთ კავკასიაში ამ ვითარებით გამოწვეული ვაკუუმის შესავსებად. მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პეკინმა ალტერნატივების ძიება დაიწყო ერთ-ერთი უმთავრესი ალტერნატიული გზა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), რომელიც ევროპას ყაზახეთის, კასპიის ზღვის, საქართველოსა და თურქეთის გავლით უკავშირდება. ეს მარშრუტი ასევე ცნობილია როგორც შუალედური დერეფანი. თუმცა, ამ უკანასკნელს ბევრად რთული ლოჯისტიკა, გეოგრაფია და მეტი ხარჯი ახასიათებს. შუალედურ დერეფანთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი მხარე, წარმოდგენილი უნდა იყოს ევროკავშირთან ერთად და არა, როგორც შუამავალი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამავე აზრს ავითარებს ირაკლი სირბილაძე: "ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით საქართველო გარკვეულწილად პასუხობს დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკურ მოცემულობას — მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური წონა ჩინეთს ანგარიშგასაწევ გლობალურ აქტორად აქცევს, რომლის უგულებელყოფა უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. რამდენადაც ჩინეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გარდაუვალია, საქართველოს მთავარი გამოწვევაც და დილემაც შემდეგია: შეძლოს საგარეო პოლიტიკის წარმოება ისე, რომ თავიდან აირიდოს ავტორიტარული ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკასა და სხვა სტრატეგიულ დარგებზე დამოკიდებულების ზრდა. ამავდროულად, ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოს ‘ვალის ხაფანგის’ რისკის ქვეშ აყენებს, რომელიც გზას გაუხსნის საქართველოში ჩინეთის მნიშვნელოვან გავლენას. აღნიშნული რისკების დასაზღვევად, საქართველომ, როგორც ევროკავშირისა და ნატოს ასპირანტმა ქვეყანამ, საკუთარი სტრატეგიული დარგები დასავლეთის ქვეყნებსა და ორგანიზაციებს უნდა დაუკავშიროს."

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ამ ინიციატივას და სულ უფრო და უფრო ხშირდება საქართველოს, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებლის ისტორიული როლის ნარატივი. 

405236459_3179717615666449_8034363365874142755_n.png
ირაკლი-კობახიძე_edited.png

"საქართველო გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპას და აზიას, ჩვენ გვაქვს სატრანზიტო პოტენციალი. რაც უფრო მეტად იქნება გამოყენებული, მით უკეთესი საქართველოსთვის, ევროპისთვის და აზიისთვის. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ უკეთ შეასრულოს ისტორიული ფუნქცია - ევროპისა და აზიის დაკავშირება ეკონომიკური თვალსაზრისით" - ირაკლი კობახიძე 

ქართული მედიისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ჩინეთის სტრატეგიული მოკავშირის როლის პროპაგანდა. თვალშისაცემია მედიისა და პოლიტიკოსების ნარატივების თანხვედრაც. ქართული ოცნების წევრები თავის განცხადებებში ხშირად უსვამენ ხაზს საქართველოს ისტორიულად მნიშვნელოვან მდებარეობას და ამ პოტენციალის აწმყოში გამოყენების საშუალებას ჩინეთის დახმარებით. ხალხის ძალის წევრების ნარატივიც ჩინეთის მზარდი როლის პროპაგანდას უკავშირდება. მათ განცხადებებში ქვეყანა მოხსენიებულია, როგორც მსოფლიოს მომავალი ლიდერი. ასევე, ხშირად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ ჩინეთი არის მშვიდობის მოყვარული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება და საქართველოს მკაფიოდ წარმოჩენა მსოფლიო რუკაზე. საგულისხმოა ისიც, რომ მსგავსი განცხადებები აქტიურად შუქდება რუსეთთან აფილირებული მედიის მიერაც. ჩინეთის რეპუტაციის გამოკვეთის კიდევ ერთი საშუალება ქართულ მედიაში მასსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ხაზგასმაა. კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ეს მედიასაშუალებები არ ერიდებიან დასავლეთის კრიტიკას, თუმცა მათ დღის წესრიგში ვერ ხვდება პეკინის პოლიტიკის ნეგატიური ელემენტების განხილვა. 

bottom of page